There is no “us”.

Marvel-მა მკვეთრად შეცვალა კინოინდუსტრია 2008 წლიდან დაწყებული, როდესაც პირველმა Iron Man-მა წამოიწყო ამბიციური Marvel Cinematic Universe (MCU) – წარმოიდგინეთ კინოსამყარო, სადაც ყველა თქვენი საყვარელი კომიქს-პერსონაჟი არსებობს და ზოგჯერ ერთმანეთს გადაეყრებიან. ნამდვილად მომგბიანი იდეა, რომელიც ბევრმა სხვა კინოკომპანიამ გამოსცადა, შერეული შედეგებით.

მაგრამ ამას მოჰყვა თავისი დანაკლისებიც. ზოგჯერ MCU-ის ფილმი თუ სერიალი იგრძნობოდა, როგორც შემდეგი ნაწილის “build-up” და არა როგორც ცალკეული სიუჟეტი. ასევე, გარკვეულწილად იზღუდებოდა კრეატიული შესაძლებლობები.

MCU-ს ერთ-ერთი წარმატებული შედეგი – The Avengers (2012)

The Defenders-ს ორივე პრობლემა ზედ ეტყობა, და მეტიც. მაგრამ, თუ უბრალოდ დროის სახალისოდ ტარება გინდათ, მაშინ ამან შესაძლოა დაგაკმაყოფილოთ (და ოდნავ გაგიადვილოთ Daredevil-ის მესამე სეზონის ლოდინიც).

Daredevil, Jessica Jones, Luke Cage, Iron Fist. როგორც ყველანი მოველოდით და სერიალის მარკეტინგი გვაუწყებდა – The Defenders უნდა ყოფილიყო ამ გმირთა მხოლოდ დროებითი გაერთიანება.  ერთადერთი რამ, რაც მათ აერთიანებს არის მათი საერთო მტერი – ორგანიზაცია სახელად “The Hand”. თუმცა მათში არ არსებობს არანაირი “ჩვენ”, ისინი ერთმანეთს ხშირად არ ეთანხმებიან და კონფლიქტებიც მოსდით. სიუჟეტი ამაში კარგად გვარწმუნებს, შესაძლოა ზედმეტად კარგადაც კი – მე პირადად გამიხარდებოდა უფრო მეტი “teamwork” მომენტების ნახვა.

ამისდამიუხედავად, დამცველებს გააჩნიათ საკმაოდ სახალისო “ქიმია”. საინტერესოა მათი ინტერაქციების ნახვა, მათი პიროვნული თვისებები ერთად როგორ რეაქციაში შედის – არის ერთი განსაკუთრებით დაძაბული მომენტი ორ გმირს შორის (რომელსაც მე არ დაგისპოილერებთ). ოთხივე პერსონაჟი თავის-მხრივ გამორჩეულია : მეთიუ, რომელსაც არ უნდა მისთვის საყვარელი ადამიანების დაკარგვა; ლუკ ქეიჯი, რომელსაც გულით სურს სხვების დახმარება; ჯესიკა, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვება დეტექტივის საქმიანობას; დენი რენდი, რომელსაც სჯერა, რომ მას განსაკუთრებული ბედისწერა აქვს (და მუდამ გვახსენებს, რომ ის უკვდავი Iron Fist-ია!).

თუმცა მთავარი ოთხეულის გარეთ იწყება სერიალის რეალური პრობლემები. თვით სერიალში The Hand მუდამ არის აღწერილი, როგორც თითქმის დაუმარცხებელი და უმძლავრესი ორგანიზაცია – მაგრამ ამ წოდებას ის ნამდვილად ვერ ამართლებს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც კასტს სერიალისთვის ერთი გამორჩეული მსახიობი დაემატა – სიგჰურნი უივერი (Alien ფილმთა სერიის მთავარი ვარსკვლავი), თუმცა მისი პერსონაჟი არ არის მაინცდამაინც შთამბეჭდავი.

დიალოგებს რაც შეეხება – აქ გვხვდება ბევრი “პათოსური” ხაზი, ძალიან ბევრი. იმდენი, რომ მათი მოსმენისას კაპიტან ამერიკასაც კი  “cringe” დაემართებოდა. აქ გამოდგებოდა უფრო ჩვეულებრივი დიალოგების მოსმენა – ნამდვილად არ გვესაჭიროება საინსპირაციო გამონათქვამთა კრებული.

სავარაუდოდ The Defenders-ის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის ტოვებს ცუდად დაგეგმილი და დაჩქარებული პროექტის შეგრძნებას. თითქოსდა შემქმნელებმა მხოლოდ ერთი მონახაზი შექმნეს და ისე მიჰყვნენ, შესწორებების გარეშე.

თუმცა არ მინდა შეგიქმნათ იმის შთაბეჭდილება, რომ ეს საყურებლად არ ღირს – აქ კარგად გაერთობით, იხილავთ რამდენიმე კარგად შესრულებულ საბრძოლო სცენასაც კი (თუმცა ზოგ მათგანს საკმაოდ უცნაური საუნდტრეკი ახლავს). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასასრული ძალიან საინტერესო set-up-ს უკეთებს გმირების მომავალს (განსაკუთრებით Daredevil-ის მესამე სეზონს). თუ გჭირდებათ უბრალოდ კარგი გასართობი საშუალება – The Defenders იკმარისებს, მაგრამ ნუ მოელით უმაღლეს ხარისხს ან დაუვიწყარ მომენტებს.

GOOD :                                                                                                                              BAD:
+ პერსონაჟები და მათი ინტერაქცია                                                                    – დავიწყებადი ბოროტმოქმედები
+ საბრძოლო სცენები                                                                                               – ზედმეტად პათოსური დიალოგები
+ Iron Fist-მა საბრძოლო ხელოვნება ისწავლა                                                 – დაჩქარებული სიუჟეტი
+ კარგად დგამს სამომავლო სერიალებს

საბოლოო შეფასება : 7/10 .

Author Judge Rez
Published
Views 131

კომენტარები

კომენტარები არ არის

Leave a Reply